ფოლიუმის მჟავას სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები კოდური სახელწოდებით, “B9” იცნობენ. ის წყალში ხსნადი ვიტამინია. მისი დეფიციტი ანემიას და სხვა პათოლოგიურ პროცესებს იწვევს. როგორც მეცნიერები გვარწმუნებენ, ფოლიუმის მჟავა ჰერივით სჭირდება ორსულს, რადგან უჯრედების, ყველაზე აქტიურად კი ნერვული ქსოვილის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს. მისი წყალობით წარმოიქმნება პლაცენტა, ივსება ცილოვანი ბალანსი… ადამიანის ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა წარმოიქმნება ნაწლავის მიკროფლორით.

ფოლიუმის მჟავა პასუხისმგებელია ორგანიზმში უჯრედულ დონეზე მინდინარე ისეთ უმნიშვნელოვანეს პროცესებზე, როგორებიცაა დნმ-ის სინთეზი, უჯრედების გაყოფა და ზრდა, ჯანმრთელი ერითროციტების წარმოება. ორსულში ფოლიუმის მჟავას დეფიციტი განაპირობებს ნაყოფის თავისა და ზურგის ტვინის განვითარების შეფერხებას, მანკების წარმოშობას, ზრდის შენელებას.

ფოლიუმის მჟავა ქალს ყველაზე მეტად ორსულობის დასაწყისში სჭირდება, თუმცა პირველ კვირებში უმრავლესობამ არც კი იცის, რომ დედა გახდება. საზოგადოდ კი სასურველია ვიტამინის მარაგი, რომლის ხარჯვასაც პაწაწინა მალე აქტიურად დაიწყებს, ორსულობამდე შეივსოს.

პრეპარატის დოზას ექიმი ინდივიდუალურად არჩევს. საშუალო ოდენობა 400 მკგ-ია. თუ დაორსულებამდე დიდხანს სვამდით ჩასახვის საწინააღმდეგო კომბინირებულ კონტრაცეპტივებს, შესაძლოა ფოლიუმის მჟავას უფრო დიდი რაოდენობით მიღება მოგიხდეთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ფოლიუმის მჟავას ათვისებას ხელს უშლის: ნაწლავური პრობლემები, ალკოჰოლი, ანტიეპილეფსიური მოქმედების პრეპარატები. რაც მთავარია, დოზის გადაჭარბების ნუ შეგეშინდებათ – უჯობესია ცოტა მეტი მიიღოთ, ვიდრე დაგაკლდეთ.

დამტკიცებულია, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტს ორსულთა დაახლოებით 1/3 განიცდის. ჰიპოვიტამინოზის დროს ვლინდება ტოქსკოზი, დეპრესია, ანემია და ფეხების ტკივილი, მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში ის გახლავთ, რომ ფოლიუმის მჟავას დეფიციტს შეუძლია გამოიწვიოს ნაყოფის გონებრივი და ფიზიკური ზრდა-განვითარების შეფერხება.

რატომ იჩენს თავს ასეთი სერიოზული დარღვევები? ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს ბიოსინთეზის მოსამზადებელ და დნმ-სა და რნმ-ში მიმდინარე პროცესებში, რომლებიც პასუხს აგებენ მემკვიდრული ნიშან-თვისებების ჩამოყალიბებაზე. ახალი სიცოცხლის ჩასახვისას უჯრედების სწრაფი დაყოფა და ქსოვილების ზრდა ნუკლეინის მჟავის სწრაფ სინთეზს საჭიროებს. ის პასუხისმგებელია, რომ ყოველი ახლად წარმოქმნილი უჯრედი შეიცავდეს როგორც დედის, ისე მამის გენების სწორ თანმიმდევრობას. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ მომავალი დედის ორგანიზმი შეიცავდეს აბსოლუტურად ყველა საჭირო ნივთიერებას, რაც სჭირდება როგორც მომავალ პატარას, ისე თავად დედას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფოლიუმის მჟავას საჭირო ოდენობა ორსულობის პირველ ტრიმესტრში, რადგან პირველი ორი კვირიდან ნაყოფის ორგანიზმში ნერვული სისტემის ფორმირება მიმდინარეობს. ნერვული უჯრედები სწრაფად იზრდება და ფოლიუმის მჟავას ანუ “საშენი მასალის” დეფიციტმა შესაძლოა სერიოზული გართულებები გამოიწვიოს, მაგალითად ნერვული თიაქარი, თავის ტვინის განვითარების შეფერხება. გარდა ამისა ფოლიუმის მჟავა იხარჯება მომავალი დედის ტრილიონობით უჯრედის შეცვლასა და “რემონტზე”. სწრაფად მზარდ საშვილოსნოს მრავალი ახალი სისხლძარღვი სჭირდებ. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ამ ვიტამინის დიიდ რაოდენობა საჭიროა პლაცენტის განვითარებისათვის, სხვა შემთხვევაში ის შეიძლება არასრულფასოვნად ცამოყალიბდეს.

მომავალი დედის სისხლის უჯრედები საკმარისი უნდა იყოს ორივესთვის და სისტემატურად უნდა მიმდინარეობდეს მათი გამრავლების პროცესი. თუ ამ დროს არ იქნება გათვალისწინებული ორგანიზმის გაორმაგებული მოთხოვნილება ფოლიუმის მჟავას მიმათ, შესაძლებელია განვითარდეს ანემია. სისხლში ჩვეულებრივი ერითროციტების ადგილს იკავებენ  გიგანტური, უმწიფარი ფორმები, რომელთაც სისხლში ჰემოგლობინის შემცირებისკენ მივყავართ. ამ სახის ანემიის განვითარება ძალიან მოკლე დროში ხდება. თავს იჩენს ადვილად დაღლა, ქოშინი, თავბრუ, საერთო სისუსტე. ანემია ერთობ უარყოფითად აისახება დედის ორგანიზმზე და კიდევ უფრო ცუდად – მომავალი პატარას ჯანმრთელობაზე, რადგან ჰემოგლობინი ჟანგბადის მთავარი გადამტანია რომელიც ესოდენ ესაჭიროება ბავშვის ზრდასა და გონებრივ განვითარებას.

ამერიკელი მედიკოსების მონაცემებით, ორსულებს, რომლებიც ფოლიუმის მჟავას საჭირო რაოდენობით იღებდნენ, მინიმალური გართულებები აღენიღნებოდათ, დაახლოებით 40%-მდე შემცირდა ახალშობილებში მანკით დაავადებების სიხშირე, ამიტომ საჭიროა ყველა ორსულმა კარგად დაიმახსოვროს ის პროდუქტები, რომლებიც მდიდარია ამ ვიტამინით და ისიც გაითვალისწინონ, როგორი სახითაა მათი მიღება უკეთესი.

ფოლიუმის მჟავას საჭიროებს ყველა. ის გამოიყენება ისეთი პათოლოგიების დროს, როგორებიცაა:  მეხსიერების დაკარგვა, ალცჰეიმერის დაავადება, სმენისა და მხედველობის ასაკობრივი დაქვეითება, ოსტეოპოროზი, ძილის პრობლემები, დეპრესია, ნევრალგია, კუნთების ტკივილი, შიდსი, კანის დაავადება-ვიტილოგო, ასევე გამოიყენება დაბერების ნიშნების შემცირების მიზნით.

ცნობილია, რომ ფოლიუმის მჟავას შეიცავს მწვანე ფერის მცენარეები. საკვები პროდქტებიდან ამ მჟავას მხოლოდ 50%-ის მიღება შეიძლება. ის წვრილი ნაწლავებიდან შეიწოვება სპეციალურად განლაგებული რეცეპტორების საშუალებით. ხოლო ფოლიუმის ჟავა, რომელიც წარმოიქმნება მსხვილ ნაწლავში, საერთოდ არ შეიწოვება. ეს იმას ნიშნავს, რომ უნდა უნდა შევეცადოთ ვიკვებოთ მაქსიმალურად სრულფასოვნად.

ყველაზე დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას შეიცავს შემდეგი პროდუქტები: ქათმისა და ძროხის ღვიძლი, მწვანე სალათის ფოთლები, ბროკოლი, ისპანახი, სტაფილო, პარკოსნები, დაცეხვილი ხორბლის პური, საფუარი, კვერცხის ცილა, ყველი, საზამთრო, ნესვი და სხვა. ფოლიუმის მჟავათი განსაკუთრებით მდიდარია მარწყვი, სწორედ ამით აიხსენება მისი დადებითი მოქმედება სისხლნაკლებობის დროს. ამასთან უნდა გვახსოვდეს, რომ ფოლიუმის მჟავა ძალიან მგრძნობიარეა სინათლისა და ჟანგბადის მიმართ, ამიტომ ამ ბოსტნეულის უმეტესობა სამი დღის შენახვის შემდეგ ფოლიუმის მჟავას  70%-ს კარგავს, ხოლო თერმული დამუშავებისას ვიტამინი საერთოდ არ ნარჩუნდება.

ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ფოლიუმის მჟავა დადებითად მოქმედებს ტვინზე. ის ამცირებს სისხლის პროტეინის – ჰომოცისტეინის დონეს, რომელიც დაკავშირებულია, გულის დაავადებასთან და დემენციასთან.

პროფესორმა ვანგმა და მისმა კოლეგებმა აშშ-ში ბავშვთა მეხსიერების კვლევის ცენტრში შეისწავლეს ფოლიუმის მჟავას დადებითი როლი ინსულტის რისკის შემცირებაში. მათ აღმოაჩინეს, რომ ვიტამინმა ინსულტის რისკი საშუალოდ 18%-ით შეამცირა.  უფრო მეტიც, რისკის 30%-იანი შემცირება აღინიშნა 3 წლიანი მკურნალობის შედეგად, ხოლო წარსულში ინსულტის არამქონე ადამიანებში ფოლიუმის მჟავათი მკურნალობამ 25%-ით შეამცირა დაავადების რისკი.

ფოლიუმის მჟავას არასაკმარისი მიღება შეიძლება გამოწვეული იყოს შიმშილით, კუჭ-ნაწლავის დაავადებებით, ვიტამინ B12-ის ნაკლებობით, ალკოჰოლოზმით, ავთვისებიანი სიმსივნეებით,ღვიძლის დაავადებებით, ანორექსიით და სხვა.  ჯანმრთელი ახალშობილის დაბადებას დედის ორგანიზმის ჯანმრთელობა განაპირობებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი  რამ, რაც შეიძლება დედამ მოიმოქმედოს ნაყოფის დეფექტების პრევენციის მიზნით, არის ფოლიუმის მჟავას ყოველდღიურად საკმარისი რაოდენობით მიღება, განსაკუთრებით, ჩასახვის წინა და ორსულობის  პერიოდში. მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ ქალებში, რომლებიც ორსულობის წინ და ორსულობის პერიოდში ყოველდღიურად იღებენ 400მკგ (0.4გრ) ფოლიუმის მჟავას ნაყოფის ნერვული ღეროს სერიოზული დეფექტების (თავისა და ზურგის ტვინის არასრული განვითარება) განვითარების რისკი 70%-ით შემცირებულია.  ნერვული ღეროს ყველაზე გავრცელებული დეფექტებია: “spina bifida“- (ზურგის ტვინის და ხერხემლის განვითარების რთული თანდაყოლილი დეფექტი)- ნაყოფის ხერხემალი სრულად ვერ ფარავს ზურგის ტვინს, რის შედეგადაც ქვედა კიდურების მაკონტროლებელი ნერვები ვერ ფუნქციონირებს. ზურგის ტვინის თიაქრით დაბადებულ ბავშვებს მთელი სეცოცხლის მანძილზე პრობლემები აქვთ და საჭიროებენ მრავლობით ქირურგიულ ჩარევას. ანენცეფალია – თავის ტვინის განუვითარებლობა ან არასრული განვითარება. ანენცეფალიით დაავადებული ნაყოფი კვდება მუცლად ყოფნის პერიოდში ან დაბადებიდან მალევე. თავის ტვინის თიაქარი – თავის ტვინის ღიაობის გამო ტვინის ქსოვილის კანქვეშ გამოსვლა.

ყველა ეს დეფექტი ვითარდება ორსულობის პირველი 28 დღის განმავლობაში – ჩვეულებრივ, სანამ ქალი გაიგებს, რომ იგი ორსულადაა. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავას მიღება რეპროდუქციული ასაკის ყველა ქალისათვის და არა მხოლოდ იმათთვის ვინც გეგმავს დაორსულებას. ორსულობათა 50% დაუგეგმავია, ამდენად ყველა ქალი, ვინც კი შესაძლებელია, რომ დაორსულდეს, უნდა იღებდეს ფოლიუმის მჟავას. თუ კი დაორსულებას გეგმავთ მიმდინარე თვეში ან ახლო მომავალში, დაუყოვნებლივ დაიწყეთ 400მკგ ფოლიუმის მჟავას მიღება! რეკომენდებულია, როგორც ოპტიმალური მიღება: 1) ორსულობამდე სულ მცირე 12 თვის განმავლობაში და 2) ორსულობის პირველი 4 თვის განმავლობაში (ყოველდღიური მიღების რეჟიმით). ფოლატის საჭირო რაოდენობით მიღება შესაძლებელია დაბალანსებული კვების საშუალებით. თუმცა ამ პროდუქტების არასაკმარისი მიღების ან გაზრდილი რაოდენობით საჭიროების მდგომარეობების დროს, ადამიანებმა, რომლებიც არიან ფოლიუმის მჟავას დეფიციტის რისკის ქვეშ, დამატებით უნდა მიიღონ ფორტიფიცირებული საკვები პროდუქტები ან ფოლიუმის მჟავას პრეპარატები. ფოლიუმის მჟავას დამატებით მიღების საჭიროების მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ბუნებრივი წყაროებიდან ფოლატის არასაკმარისი რაოდენობით მიღება
  • მდგომარეობები, რომლებიც ფოლატისადმი მოთხოვნილების ზრდას განაპირობებენ (ორსულობა, ალკოჰოლიზმი, ანემია და ზოგიერთი მედიკამენტის მიღება)
  • მდგომარეობები, რომლებიც ფოლატის შეწოვას აფერხებენ
  • დიდი რაოდენობით ფოლატის გამოყოფა

ფოლიუმის მჟავა ასევე ხელს უშლის სხვა დეფექტების განვითარებას, როგორებიცაა კურდღლის ტუჩი, მგლის ხახა, და გულის ზოგიერთი მანკი.  ფოლიუმის მჟავას დეფიციტი ხელს უწყობს ანემიის განვითარებას. მდგომარეობა გამოვლინდება შემდეგი სიმპტომებით: დაღლილობა, ზოგადი სისუსტე, გულმავიწყობა, უმადობა, ადვილად გაღიზიანებადობა, წონაში კლება. ფოლიუმის მჟავას დეფიციტის დროს ასევე იმატებს ინსულტისა და ინფარქტის რისკი, კიბოს ზოგიერთი ფორმის (მაგ.კუჭის კიბო) რისკი, მამაკაცებში უნაყოფობის რისკი და სხვა.

1998 წლიდან აშშ-ში ფედერალური კანონი ითვალისწინებს ფოლიუმის მჟავათი ისეთი პროდუქტების სავალდებულო გამდიდრებას, როგორიცაა: მარცვლელული, ფქვილი, პურ-უნთუშეული, მაკარონი. 2009 წელს საქართველოში ჩატარდა ნუტრიციის ეროვნული კვლევა (GNNS), რომელმაც აჩვენა, რომ არაორსული ქალების 36,6%-ს აღენიშნა ფოლიუმის მჟავას დეფიციტი. საქართთველოში ფოლიუმის მჟავას პრევალენტობა 15-49 წლის არაორსულ ქალებში გაცილებით მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით (აშშ, გერმანია და სხვა). ფოლიუმით გამდიდრების საერთაშორისო პრაქტიკამ აჩევენა, რომ ახალშობილებში ნერვული ღეროს დეფექტების პრევენციის მიზნით ფოლიუმის დამატებით მიღება უნდა მოხდეს, როგორც ორსულ ისე არაორსულ ქალებში.  ფოლიუმის დეფიციტის ნიშნებია:

  • ზრდის შეფერხება ბავშვებში
  • ანემია მოზრდილებში
  • საჭმლის მონელების პრობლემები – დიარეა, უმადობა, წონაში კლება
  • სისუსტე და ადვილად დაღლა
  • მტკივნეული ენა
  • თავის ტკივილი
  • გულის რითმის დაღვევები
  • გაღიზიანებადობა და გულმავიწყობა

აღნიშნული ჯანდაცვითი პრობლემების პრევენციის ერთ-ერთი მეცნიერულად დადასტურებული მიდგომაა ფოლიუმის მჟავათი საკვები პროდუქტების გამდიდრება. ყოველწლიურად იზრდება ქვეყნების რიცხვი, სადაც რკინის და ფოლიუმის მჟავას მოსახლეობის რისკის ჯგუფებისათვის დამატებითი მიწოდების საჭიროება სტრატეგიულ გეგმებში აისახება. აშშ-ში ყოველწლიურად იმართება ფოლიუმის მჟავას შესახებ ცნობიერების ამაღლების ცანიონალური კვირეული. იმედია საქართველოშიც მალე ვიხილავთ მსგავს ღონისძიებებს, რომლებიც მოსახლეობის დიდ ნაწილს დაეხმარება ფოლიუმის მჟავასა და რკინის დეფიციტთან  დაკავშირებული პრობლემების თავიდან აცილებაში.

ხშირად ბევრი მედიკამენტის შეძენა საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ საქართველოს სააფთიაქო ბაზარზე ფოლიუმის მჟავა საკმაოდ იაფია და ხელმისაწვდომია საქათველოს თითოეული მოქალაქისთვის (მთელი თვის სამყოფი რაოდენობის ფასი არ აღემატება 2 ლარს). მე, როგორც მომავალი დედა, ვისურვებდი, რომ ჩემი შვილი ჯანმრთელი და ბედნიერი ყოფილიყო. მომავალო დედებო, შექმენით თქვენი პატარასთვის ჯანსაღი მომავალი და მიეცით მათ ყველა პირობა ბედნიერებისთვის. ნუ მისცემთ დაავადებას უფლებას ზიანი მოგაყენოთ! დროულად აკონტროლეთ თქვენი ჯანმრთელობა, რათა უზრუნველყოთ თქვენი პატარას ჯანმრთელი მომავალი. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

შეგახსენებთ, რომ სტატია საკონკურსოა და მონაწილეობს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელებულ კამპანიაში!